“მანქანაში მირტყეს, ჩემს ძმას სასქესო ორგანოზე შეეხნენ” – რას ყვება 21 წლის ბიჭი, რომელიც შსს-მ დააკავა
ძალადობა პოლიციის მხრიდან – ახალგაზრდას, რომელიც სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დააკავეს, მშობლები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.
21 წლის ლაშა ჟღენტი ძმასთან და მეგობრებთან ერთად დღეს, ვერაზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა შემოწმების მიზნით გააჩერეს.
როგორც ირკვევა, ლაშა ჟღენტი შსს-ის თანამშრომლებმა ძალის გამოყენებით დააკავეს, რის შედეგადაც მას ფიზიკური დაზიანებები აქვს მიღებული ხელისა და ყელის არეში. დაზიანებები აქვს ხელჩართული ჩხუბის მონაწილე მეორე ახალგაზრდასაც.
“მოინდომეს ზედაპირული ჩხრეკა, მაგ დროს, ტრუსიკიც გამიწიეს…ვუთხარი, რომ ხელი გაეწიათ.. მანქანაში მგუდავდნენ, ბორკილები რომ დამადეს, მანქანაშიც მირტყეს თავში.
ჩემს ძმას რო ამოწმებდნენ სასქესო ორგანოზე შეეხნენ, რა მითათუნებ გაიწიო და ამათმა შენ რა გონორზე ხარ, გვაქვს ამის უფლებაო, ახრჩობდნენ, ურტყამდნენ… ბებიაჩემის მოვიდა, სამი მეტრი აფორთხიალეს” - ამბობს ლაშა ჟღენტის ძმა.
ცოტა ხნის წინ გაირკვა რომ, დაკავებული ჟღენტი საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს, სადაც პროცესი ჩატარდა. შსს ახალგაზრდას წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელების მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავება.
სასამართლომ მხარეებს მტკიცებულებების წარდგენის ვადა მისცა, ლუკა ჟღენტს სამხარაულის ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდება, რის შემდეგაც ცნობილი გახდება, რა დაზიანებები მიაყენეს მას პოლიციელებმა.
მომხდარზე მოკვლევა შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო.

