ესპანეთსა და პორტუგალიაში სიცხის გამო 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

21-07-2023
გიორგი ზ.
Aa

ევროპის ქვეყნებში ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურაა. ესპანეთსა და პორტუგალიაში სიცხის გამო 1000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ანომალიურ სიცხესთან გამკლავება განსაკუთრებით უჭირს იტალიას, სადაც ჰაერის ტემპერატურამ 47 გრადუსს მიაღწია. სიტუაცია იმდენად გართულდა, რომ ხელისუფლებამ იტალიის ქალაქებში სპეციალური დახმარების ცენტრები გახსნა.

მაღალი ტემპერატურის გამო დიდი ბრიტანეთში შეფერხებები იყო ტრანსპორტირებაში. გაუქმდა რამდენიმე რეისი მატარებელზე, ასევე, ლონდონის Luton Airport-ში შეაჩერეს რეისები, რადგან ასაფრენი ბილიკის ნაწილი მწველი მზის ქვეშ ჩაიკეცა.

ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ საფრანგეთს "სიცხის აპოკალიფსი" ელოდება. საფრანგეთის ქალაქ ჟირონდაში ერთი კვირაა ტყის ხანძარს ებრძვიან, რომელმაც უკვე გაანადგურა მიწის 17 ათასი ჰექტარი.

ორშაბათს ნიდერლანდების ისტორიაში ყველაზე ცხელი დღე იყო - ჰაერის ტემპერატურამ ქალაქ ვესტდორპში 33,6С-ს მიაღწია. ელოდებიან, რომ სამშაბათს კიდევ უფრო დაცხება და 39C იქნება.

სინოპტიკოსები ამბობენ, რომ ბელგიასა და გერმანიაში ტემპერატურა 40C-ზე აიწევს.

ხუთშაბათს პორტუგალიაში ტემპერატურა 47C იყო, რაც ივლისისთვის რეკორდული აღმოჩნდა.

ანომალიური სიცხე დაფიქსირდა ჩრდილოეთ ამერიკისა და აზიის კონტინენტებზეც. არიზონას შტატში ტემპერატურა 45 გრადუსს აჭარბებს, ჩინეთში კი 52-ს. ექსტრემალური სიცხის გამო იცვლება ტურისტული რუკაც, დამსვენებლები ევროპის პოპულარულ კურორტებზე ჯავშნებს მასობრივად აუქმებენ და კონტინენტის შედარებით გრილ ქვეყნებს ეძებენ.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები