"გადარჩენა დაგვამადლეს, მატყუარებიც გვიწოდეს" - მეწყერში მოყოლილმა კობახიძეს უპასუხა

14-08-2023
გიორგი ზ.
Aa

შოვში, მეწყერში მოყოლილი მარიამ ბერიანიძე მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას პასუხობს, რომლითაც პოლიტიკოსმა სპეკულაცია უწოდა იმ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ღვარცოფს ერთ-ერთი ბავშვი სამი საათი ებრძოდა.

"გადარჩენა დაგვამადლეს, მატყუარებიც გვიწოდეს და რა იქნება შემდეგი? 3 აგვისტოდან 11 დღე გავიდა. იქნებ, ჯერ მოგეკითხეთ მაინც რომელიმე", - წერს 3 აგვისტოს შოვში, მეწყრულ პროცესებში მოყოლილი ახალგაზრდა ქალი "ფეისბუკში".

შოვში მომხდარი სტიქიიდან მე-11 დღეს მმართველი პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა ირაკლი კობახიძემ და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მისი ნათქვამის მიხედვით, 3 აგვისტოს "ვისაც მისწვდა ღვარცოფული მასა, გადარჩენის შანსი უბრალოდ არ ჰქონდათ".

"იყო ასევე სპეკულაციები, არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ერთ-ერთი ბავშვი 3 საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც არის წარმოუდგენელი ტყუილი. შეუძლებელია ასე განვითარებულიყო იქ პროცესი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სტიქია იყო მყისიერი... საუბარი იმაზე, რომ ვიღაც 3 საათი ებრძოდა სტიქიას, უბრალოდ არის ცარიელი ტყუილი", - თქვა კობახიძემ.

მარიამ ბერიანიძე ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომელიც შოვში მეწყერში მოყვა და გადარჩენა შეძლო. ის 3 აგვისტოს ღვარცოფში ქმართან და 4 წლის შვილთან ერთად მოხვდა. ის რადიო თავისუფლებას უყვებოდა, რომ სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლა გადარჩენისთვის თითქმის სამ საათს გაგრძელდა.

“ყველაზე საშინელი მომენტი იყო, როცა პირველად დაგვარტყა ტალღამ: ჩემი მეუღლე დაუდგა ზურგით, ხელებში მოიქცია ბავშვი, მეც წინიდან დავუდექი და მივხვდით, რომ ეს იყო ჩვენი აღსასრული. მორჩა! თვალებში ჩავხედეთ ერთმანეთს და ასე ვემშვიდობებოდით თითქოს ერთმანეთს", - იხსენებდა ახალგაზრდა ქალი რადიო თავისუფლება 3 აგვისტოს განვითარებულ მოვლენებს.

მომზადებულია რადიო თავისუფლების მიერ.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები