"ზამთარიც მოსალოდნელზე თბილი იქნება", - როგორია ამინდის გრძელვადიანი პროგნოზი საქართველოში
2023 წლის შემოდგომა საქართველოში მოსალოდნელზე თბილია. არსებობს ვარაუდი, რომ მსგავსი თბილი ამინდები არა მხოლოდ შემოდგომაზე, არამედ ზამთარშიც შენარჩუნდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსი ხათუნა ქოქოსაძე აცხადებს, რომ სავარაუდოდ, თბილი იქნება ნოემბერი, შემდეგ კი ეს ტენდენცია ზამთარშიც შენარჩუნდება.
როგორც ირკვევა, ნოემბრის საშუალო ტემპერატურა წინა წლებთან შედარებით საშუალოდ 2 გრადუსით მეტი იქნება, თუმცა ეს იმას არ გამორიცხავს, რომ რამდენჯერმე დაბალი ტემპერატურაც იყოს.
რაც შეეხება ზამთარს, ქოქოსაძის თქმით ამინდის გრძელვადიან პროგნოზზე დიდი გავლენა ჩრდილოყინულოვან ოკეანეში განვითარებულ მოვლენებს ექნება. ამ მდგომარეობით, ზამთარი შემოდგომის მსგავსად მოსალოდნელზე თბილი უნდა იყოს, თუმცა, არაა გამორიცხული, ვითარება შეიცვალოს.