ბავშვებს მათხოვრობას და ყვავილების გაყიდვას აიძულებდნენ - რა მოხდა ძველი თბილისის დასახლებაში
ძველი თბილისის დასახლებასთან მდებარე კვების ობიექტებთან მშობლები ბავშვებს მათხოვრობას და ყვავილების გაყიდვას აიძულებდნენ.
ამ ფაქტის გამო დაკავებულია მოზარდების 3 მშობელი და ერთი ბებია, რომლებიც ადრე არასრულწლოვანების მეშვეობით ვაჭრობდნენ.
როგორც ცნობილია, მშობლების სამიზნე ტურისტებით დატვირთული რესტორნები იყო და ღამის 12 საათზე ბავშვებსაც იქ აგზავნიდნენ.
ირკვევა, რომ მშობლებს მცირეწლოვნები ადგილზე ღამის 12 საათის შემდეგ გაჰყავდათ. ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს ბრალდებულები რამდენიმე მეტრში დაჰყვებოდნენ და აკონტროლებდნენ, შეგროვებულ თანხას კი ითვისებდნენ.
"კურიერმა" 4 დაკავებულიდან ერთ-ერთი მშობლის ჩვენება მოიპოვა, რომელიც 2 არასრულწლოვან შვილს ვაჭრობას აიძულებდა. ქალი დეტალურად აღწერს, როგორ აიძულებდა საკუთარ დედასთან ერთად ბავშვებს თანხის შეგროვებას 2 წლის განმავლობაში. ამის გამო, ბრალდებულის სკამზე მოზარდების ბებიაც აღმოჩნდა.
"კურიერის" ინფორმაციით, ერთ-ერთი ბრალდებული ჩვენებაში წერს იმასაც, რომ არასრულწლოვანი შვილების მეშვეობით მასთან ერთად დაკავებული სხვა ქალებიც ვაჭრობდნენ, რომლებსაც წლებია იცნობს. ეს აღიარება ბრალდებულმა სასამართლოში დუმილით შეცვალა. დუმილის უფლებას ირჩევს ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული ოთხივე პირი. პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე, მათ სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. ერთ-ერთი დაკავებული, რომელსაც საკუთარი შვილის მეშვეობით ვაჭრობას ედავებიან, წარსულში ძალადობისთვის ნასამართლევი 23 წლის ქალია.
აღსანიშნავია, რომ ბრალდებულებს 14-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.