"ექიმმა უთხრა მორჩენისკენ მიდიოდა დაავადება... ეს ერთი შვილი ჰყავდათ..." - რას ამბობენ გარდაცვლილი 4 წლის თომას ახლობლები
გუშინ, როგრში, 4 წლის ბავშვი, სავარაუდოდ, ჩუტყვავილას გართულების შედეგად გარდაიცვალა.
გარდაცვლილი ბავშვის მშობლები და ოჯახის წევრები აღნიშნულ ფაქტში ექიმებს ადანაშაულებენ, რადგან მათი აზრით პედიატრის არაკვალიფიციურობამ სავალალო შედეგები მოიტანა.
ოჯახის ერთ-ერთი ახლობლის კომენტარს "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.
„თავდაპირველად, ბავშვს დაეწყო კანზე გამონაყარი, დედა ტელეფონით დაუკავშირდა ,,გორმედის“ პედიატრს, ნინიაშვილს, თუმცა, მან ურჩია, რომ ბავშვი გარეთ არ გაეყვანათ და შინ ემკურნალათ მისი დანიშნულებით. რამდენიმე დღეში, როცა გამონაყარს მაღალი ტემპერატურაც დაერთო, ბავშვის დედამ კვლავ დაურეკა ექიმს, რომელმაც ისევ მისცა რეკომენდაცია, რომ მკურნალობა შინ გაეგრძელებინათ. ამის შემდეგ ბავშვის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, ოჯახმა მიიყვანა თომა პოლიკლინიკაში, ბავშვს კიდურებზე შეშუპებაც აღენიშნებოდა, რის გამოც დედამ ექიმს შესჩივლა, მაგრამ მან უთხრა, რომ მორჩენისკენ მიდიოდა ჩუტყვავილა.
ოჯახმა მოითხოვა გადასხმის ან სხვა სახის მკურნალობის ჩატარება, მაგრამ როცა მშობლები მიხვდნენ, რომ პაციენტს ვერაფერს უკეთებდნენ, ბავშვის თბილისში რეფერირებისთვის ექიმს რეანიმობილით დახმარება სთხოვეს, მაგრამ მიხვდნენ, რომ ვერც ეს საკითხი მოგვარდებოდა, ამიტომ ჩასვეს ბავშვი კერძო ავტომანქანაში და წაიყვანეს, თბილისში. გზაში თომა კიდევ უფრო ცუდად გახდა, ვეღარ სუნთქავდა, ოჯახმა გააჩერა გზად შემხვედრი პატრული და სთხოვა, რომ დახმარებოდნენ და სწრაფად მიეყვანათ კლინიკამდე. სამწუხაროდ, ყველაფერი დაგვიანებული აღმოჩნდა, ბავშვი კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. საშინელ მდგომარეობაშია ყველა, მშობლები ახალგაზრდები არიან, 26 წლისები, ეს ერთი შვილი ჰყავდათ “, - ამბობს ოჯახის ნათესავმა ლუიზა სახვაძემ.