ბოლო შვიდ წელიწადში მზეზე ყველაზე მძლავრი ამოფრქვევა მოხდა — მაღალია ძლიერი პოლარული ციალის შანსი
მზეზე ბოლო შვიდი წლის განმავლობაში უმძლავრესი ამოფრქვევა მოხდა.
3 ოქტომბერს, მზის დისკოს ზუსტად შუაში, X9.0-ის სიმძლავრის აფეთქება მოხდა. ამას გარდა, მას თან ახლდა კორონული მასის ამოფრქვევაც, რომელიც პირდაპირ დედამიწისკენაა მომართული.
ის 2024 წლის ოქტომბერში დაფიქსირებული მეორე X-კლასის ანთებაა; ორივე მათგანი მზის ერთი და იმავე აქტიური ლაქა-რეგიონიდან ამოიფრქვა. ამავე დროს, წარმოადგენს ყველაზე მძლავრ ანთებას 2017 წლის სექტემბრის შემდეგ — მაშინდელი ამოფრქვევის სიმძლავრე X11.88 იყო.
მზის ანთებები ამჟამად ძალიან ხშირია, რადგან მზე თავისი აქტივობის 11-წლიანი ციკლის პიკს უახლოვდება. ანთებათა უმეტესობა მცირე აფეთქებებია, მაგრამ ბოლო პერიოდში აშკარად გახშირდა X-კლასის ანთებები — ყველაზე ძლიერი კატეგორია, რომლის გაზომვაც შეგვიძლია.
3 ოქტომბრის X9.0 ანთება აღრიცხულთა შორის 20 უმძლავრეს ამოფრქვევათა სიაში შედის.
ამოფრქვევა მოხდა რეგიონიდან, რომელსაც AR 3842-ს უწოდებენ; მას განსაკუთრებით კომპლექსური მაგნიტური კონფიგურაცია აქვს, რასაც „ბეტა-გამა-დელტა“ კლასიფიკაციას უწოდებენ.
X7.1 ანთებისა და თანმხლები კორონული მასის ამოფრქვევისას უკვე გაჩნდა პოლარული ციალის მაღალი შანსი. ჰალო კორონული მასის ამოფრქვევას უწოდებენ ამ მოვლენის ისეთ ტიპს, რომელიც პირდაპირ დედამიწისკენაა მომართული. უახლოესი დღეების პოლარული ციალის პროგნოზი შეგიძლიათ იხილოთ აშშ-ის ოკეანისა და ატმოსფეროს ეროვნული ადმინისტრაციის (NOAA) ვებგვერდზე.
მძლავრი პოლარული ციალის შანსი განსაკუთრებით მაღალია ამ შაბათ-კვირას (5-6 ოქტომბერი).
წყარო: 1tv.ge, მეცნიერება