"განვიცადე ტკივილი და თანახმა ვარ, ჩამიტარდეს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა", - ირაკლი დგებუაძე
"მზია ამაღლობელის დარტყმის შედეგად მე მარჯვენა ლოყაზე და მარჯვენა ყურზე ვიზუალურად აღმენიშნება სიწითლე, დარტყმის დროს განვიცადე ტკივილი და თანახმა ვარ ჩამიტარდეს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა […] მზია ამაღლობელმა მე ხელით მომქაჩა პოლიციის ქურთუკზე, რა დროსაც ქურთუკი არ დაზიანებულა", - ვკითხულობთ ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის დაკითხვის ოქმში. ოქმის დეტალებზე ნეტგაზეთი წერს.
12 იანვარს, მზია ამაღლობელის დაკავებიდან მეორე დღეს, ირაკლი დგებუაძეს დაკითხვის ოქმი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელმა, ანზორ ფუტკარაძემ შეადგინა. ოქმის მიხევდით, დგებუაძის გამოკითხვა საათსა და 15 წუთს გაგრძელდა, თუმცა მის მიერ გამომძიებლისთვის მიწოდებული ინფორმაცია მხოლოდ 1,5 გვერდია.
დგებუაძეს ჩვენება საქმეში დაკითხული ოთხი პოლიციელის ჩვენებას იდენტურად ემთხვევა. ოქმის მიხედვით, პოლიციელი 11 იანვარს, დღის მეორე ნახევარში, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე იმყოფებოდა “საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით”. შემდეგ აქციის მონაწილეები მარშით გაემართნენ აჭარის პოლიციის დეპარტამენტისკენ.
ის ამტკიცებს, რომ პოლიციის შენობის შესასვლელთან მყოფი მოქალაქეების ნაწილის ქმედება "გასცდა პროტესტის გამოხატვის სამართლებრივ ჩარჩოებს", რის გამოც რამდენიმე მათგანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მათ შორის, მზია ამაღლობელი. სილის გაწვნასაც დგებუაძე ამ ადმინისტრაციულ დაკავებას უკავშირებს.