პროკურატურამ ფეხბურთელ ვახტანგ ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე ბრალდება კიდევ ერთ ექიმს წარუდგინა

28-02-2025
გიორგი ზ.
Aa

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ერთ ექიმს წარედგინა. 

გამოძიების მიხედვით, ექიმმა, რომლის უშუალო ჩართულობით მიმდინარეობდა მკურნალობის პროცესი, არ გაითვალისწინა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მართვის შესაბამისი პროტოკოლი და პაციენტს მედიკამენტური მკურნალობა აუცილებელი კვლევის ჩატარების გარეშე დაუნიშნა.

პროკურატურამ ექიმს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 220 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინა, რაც 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ფეხბურთელი რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2021 წლის სექტემბერში დაიღუპა. ექიმებმა მიზეზად კორონავირუსი დაასახელეს, თუმცა ოჯახი ამბობს, რომ საავადმყოფოში შეყვანის დროს, ახალგაზრდას ვირუსი უკვე დამარცხებული ჰქონდა.  

ოჯახმა დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩაატარა, რითაც დადგინდა, რომ 20 წლის ბიჭის გარდაცვალება ზედოზირებამ გამოიწვია. საქმის მასალებით დგინდება, რომ პაციენტს 20 დღის განმავლობაში 530 ამპულაზე მეტი ფენტანილი და მიდაზოლამი გაუკეთეს, რაც ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნით სასიკვდილო დოზაა.


FACEBOOK კომენტარები
სხვა სიახლეები