"წყალქვეშა ნავი ისე სწრაფად აფეთქდებოდა რომ.." - რას ამბობს ექსპერტი "ტიტანის" კატასტროფაზე
აშშ-ის სანაპირო დაცვის სამსახურმა 22 ივნისს დაადასტურა, რომ წყალქვეშა ნავმა "ტიტანმა" კატასტროფა განიცადა და დაიღუპა ბორტზე მყოფი ხუთივე ადამიანი. ადმირალ ჯონ მაუგერის განცხადებით, შესაძლოა, ცხედრები ვერ იპოვონ, რადგან ოკეანეში, კატასტროფის ადგილას, "წარმოუდგენლად მკაცრი გარემოა".
“აშშ-ის სანაპირო დაცვისა და მთლიანი გაერთიანებული ხელმძღვანელობის სახელით, სამძიმარს ვუცხადებ ოჯახებს. მხოლოდ წარმოდგენა შემიძლია, როგორი იყო ეს მათთვის. ჩვენ გვქონდა მჭიდრო კონტაქტი საფრანგეთისა და ბრიტანეთის გენერალურ კონსულებთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ მათ სრული ინფორმაცია აქვთ და მათი შეშფოთებები განხილულია”, - განაცხადა მაუგერმა.
ოფიციალური ცნობა იმის შესახებ, თუ რა მოხდა, ჯერჯერობით არ არსებობს და ეს საკითხი კვლევის საგანია, მაგრამ ექსპერტები საუბრობენ თეორიაზე, რომელიც მათი შეფასებით ყველაზე სარწმუნო ვერსიაა.
ამ ვერსიის მიხედვით, კი "ტიტანმა" დაკარგა წნევის კონტროლი და ოკეანის სიღრმეში აფეთქდა. ამ თეორიას ის ფაქტიც ამყარებს, რომ როგორც აღმოჩნდა, ამერიკის საზღვაო ფლოტმა ოკეანეში აფეთქების ხმა დააფიქსირა.
წყალქვეშა ნავების ექსპერტი ოფერ კეტერი ამბობს, რომ აფეთქება მოხდებოდა მილიწამებში, თუ არა ნანოწამებში იმ შემთხვევაში, თუ გემის კორპუსი რამემ დააზიანა..
"ტიტანი ისე სწრაფად აფეთქდებოდა და ეკიპაჟს მოკლავდა, რომ ბორტზე მყოფი ადამიანები ვერ მიხვდებოდნენ, რომ ეს მოხდა, რომ ნავი აფეთქდა, ასევე ისინი ვერ იგრძნობდნენ ტკივილს, სიკვდილი ისეთი მყისიერი იქნებოდა. სიკვდილი დადგებოდა მანამ, სანამ ტვინი შეძლებდა სხეულისთვის გაეგზავნა მესიჯი, რომ ტკივილები აქვთ", - ამბობს კეტერი.